სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა საზღვაო აკადემიას დავა მოუგო 

19 თებერვალი 2019, 00:00 10544 ნახვა

საზღვაო აკადემიის სტუდენტს, რომელიც დირექციას სტუდენტის სტატუსის არასამართლიანად შეჩერებაში ედავებოდა, სტატუსი აღუდგინეს.  მეოთხე კურსის სტუდენტის აკაკი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიის დისციპლინარულმა საბჭომ გადაწყვეტილება ათი დღის წინ მიიღო და ლექციებს უკვე ესწრება.

აკაკი კაცაძეს და ანრი ხახუტაიშვილს სტუდენტის სტატუსი რამდენიმე თვის წინ შეუჩერდათ. გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ ინციდენტის შემდეგ მიიღო, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებას სიტყვიერ შეურაცხყოფა უძღოდა წინ. შედეგად აკაკი კაცაძეს სტუდენტის სტატუსი  1 წლით, ხოლო ანრი ხახუტაიშვილს 6 თვით შეუჩერდა.

სტუდენტმა აკაკი კაცაძემ  სამართლებრივი დავა დაიწყო და განცხადებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა.  სააგენტომ აკადემიის დისციპლინურ საბჭოს საკითხის ხელმეორედ განხილვა დაავალა, რის შემდეგაც სტუდენტებს სტატუსი აღუდგინეს. 

აკაკი კაცაძე ამბობს, რომ სასწავლებლის ადმინისტრაციამ უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლოდ შეუჩერა სტატუსი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ გადაცდომების შემთხვევაში სტუდენტისთვის საყვედური უნდა გამოეცხადებინათ, მათი შეფასებით გარიცხვა არ იყო ადეკვატური სასჯელი.

საზღვაო აკადემიაში კომენტარს არ აკეთებენ. მათ ‘’მთავარის’’ გადამღები ჯგუფი სასწავლებელში არ შეუშვეს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში