სპორტის სიახლეები

25 იანვარი 2019, 00:00 1492 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სპორტსმენის თქმით, ფედერაციიდან მამაო გამოუგზავნეს, რომელმაც გაჩუმების სანაცვლოდ  პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას დაჰპირდა. დათუნაშვილი გეგეშიძესთან  თანამშრომლობას გამორიცხავს და სამართლებრივ დავას აგრძელებს. სპორტსმენის თქმით ის  სრულიად აპოლიტიკურია  და ძალით ცდილობენ,  ყველაფერი პოლიტიკისკენ წაიყვანონ. ამბობს, რომ გარდა გეგეშიძისა მის მიმართ ძალადობა  სხვა გაურკვეველმა პირებმაც განახორციელა. 

ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა გამოირიცხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. ხაბარელის თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. აქვე გეტყვით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლა.ის  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება. გეგეშიძე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ  ციგურაობაში  ვაჟთა შორის  მოკლე  პროგრამით მსაჯების წინაშე მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე  წარსდგნენ. ქართველი მოციგურავეები საუკეთესო 24 სპორტსმენს შორის მოხვდნენ და მეორე ეტაპზე გადავიდნენ. მაისურაძემ ჯამში 60.89 ქულა დააგროვა და  24 პოზიციაზეა,  ყვითელაშვილი კი 73.4 მეათედი  ქულით მე-15 პოზიციაზე. ხვალ 26 იანვარს ვაჟები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ.

გაგამარუსთვის 2019 წლის პირველი სუპერ ტურნირი იღბლიანი გამოდგა. თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე იანვრის ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმა. გაგამარუმ მე-8 გამარჯვება ჯურიოს აღმოსავლეთის მე-7 რიკიშთან მონღოლ აძუმარიუსთან მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა აზიელ მოწიბააღმდეგეს ოშიდაშის ილეთით მოუგო.

ჯეიმს ჰარდენმა კიდევ ერთი გალა-მატჩი ჩაატარა - ჰიუსტონის 29 წლის სუპერვარსკვლავმა ნიუ იორკ ნიქსთან 61 ქულა ჩააგდო! ამით მან თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა - “წვერიანი კაცის” საუკეთესო შედეგი აქამდე 58 ქულა იყო. საბოლოოდ მატჩი ჰიუსტონმა  ნიქსთან  114:110  მოიგო.  61 ქულასთან ერთად ჰარდენმა 15 მოხსნა დააგროვა და 5 ჩაჭრაც ჰქონდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში