''გითანაგრძნობთ ბატონო ბონდო'' - ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერ კოლეგას

10 მაისი 2018, 00:00 2850 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა, ოპოზიციური პარტიის წევრ ბონდო თედორაძეს ცემის ფაქტზე გამოუცხადა თანაგრძნობა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბონდო თედორაძის მტკიცებით, იგი "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ვაშა შავიშვილის დავალებით, 30 აპრილს სცემეს, როცა ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხის ჩაქვიდან გადატანას აპროტესტებდა. 

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ ქობულეთის საკრებულომ პოლიტიკური შეფასება მისცეს კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა: "გითანაგრძნობთ. ბატონო ბონდო". 

"მე თანაგრძნობა არ მჭირდება, უთანაგრძნეთ საკუთარ თავს, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას, ფაქტს მიეცით პოლიტიკური შეფასება" - განაცხადა თედორაძემ

ქობულეთის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სხდომას არ ესწრება ინციდენტის ორგანიზებაში დადანაშაულებული დეპუტატი ვაჟა შავიშვილი. მას ამ თემაზე კომენტარი და განმარტებები მედიასთან არ გაუკეთებია. 

ქობულეთის საკრებულოს წევრებს, პოლიტიკურ განცხადებსთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრება, სთხოვს ვაჟა შავიშვილს უფლებამოსილება  გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, შს სამინისტროს განცხადებით ვაჟა შავიშვილმაც მიმართა: "პირადად შევხვდი ვაჟა შავიშვილს. ამბობს. რომ არ დაურტყამს არავისთვის, პირიქით, მას შეუვარდნენ სახლში".  

მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულად დეპუტატზე არაა საქმე აღძრული, არამედ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ამიტომ ვაჟა შავიშვილის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

ინციდენტი ჩაქვში, 30 აპრილს,  ასწლოვანი ხის გადატანის დროს  მოხდა. "ნაციონალური  მოძრაობის" წევრები ირწმუნებიან, რომ მათ ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატის დავალებით გაუსწორდნენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში