''მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა'' - სუიციდის პრევენციაზე ომბუდსმენი წერს

24 აპრილი 2018, 00:00 5327 ნახვა

საქართველოში და მსოფლიოში თითქმის ყველა მშობელმა იცის, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდი რთული სამართავია, ისიც იციან, რომ ამ ასაკში ყველაზე ხშირია რადიკალური გადაწყვეტილებები, თუმცა  ფსიქოლოგთან მიმართვიანობა ნებისმიერ ასაკში მინიმალურია. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში (იგულისმება ყველა ასაკი) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი  დეპრესიაა.  ამ მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, კვლევის მიხედვით, მათი 2/3 არ მკურნალობს, 70% მკურნალობაზე უარს „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. 

ლიზას 14 წლის შვილი ჰყავს, ამბობს, რომ გარდატეხის ასაკი რთული აქვს. არ მოსწონს მასთან და ოჯახის არც სხვა  წევრებთან კომუნიკაცია. ამბობს, რომ შვილთან გაუცხოება ორი წლის წინ დაეწყო, ფსიქოლოგისთვის არ მიუმართავს, რადგან ფიქრობს, რომ ასაკობრივია და გაივლის. 

‘’რატომ არ მივმართავ ფსიქოლოგს? -- არ ვიცი, ამ თემაზე არც მიფიქრია, მგონია, რომ ასაკობრივია და გაივლის. რამდენჯერმე ვცადე გამეგო ამეხსნა მისი ქცევა, მას მოსწონს მარტოობა და არ უნდა დიდად ჩვენთან კონტაქტი. შენიშვნებს აგრესიულად იღებს, სულ ყურსასმენები უკეთია’ - ამბობს ლიზა.  

გარდატეხის ასაკში მოზარდთა უმრავლესობას ანალოგიური ქცევა ახასიათებს, თუმცა დაადგინო, ასაკობრივი გართულებაა თუ ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს სპეციალისტების საქმეა.

"ადამიანისთვის ხასიათის ცვლილება, დღეში რამდენჯერმე  სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.  ბედნიერების და სიხარულის შეგრძნებას, შესაძლოა, სტრესის და უარყოფითი ემოციებით სავსე პერიოდი ჩაენაცვლოს, მაგრამ, თუ ხასიათის ცვლილებები ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირის გარეშე, ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება და უმიზეზოა, ხოლო ადამიანს ამის ფონზე  ყოველდღიური ფუნქციონირება უჭირს, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გვქონდეს საქმე და ასეთ დროს, ფსიქოლოგის შეფასება, დიაგნოზი აუცილებელია". 

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც არ იტარებს სათანადო მკურნალობას ან ვერ პოულობს თანადგომას, მხარდაჭერას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.

ფსიქოლოგების მტკიცებით,  სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს, კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად, ცხოვრების მიმართ. უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. არც თუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან. 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში სუიციდის ფაქტებს ცალკე თავი დაეთმო. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ  ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები ერთერთი  ყველაზე მტკივნეული და პრობლემური საკითხია.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. დაფიქსირდა  სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევა.  2016 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 20% გაზრდილია. 

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და მცდელობის შემთხვევათა ფაქტორებს შორისაა  მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა, რისკის ქვეშ მყოფი და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება" - წერია ანგარიშში.  

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალებმა, განსაკუთრებით  პედაგოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა, ნათლად გააცნობიერონ თავიანთი როლი ამ ტიპის შემთხვევების მართვის საქმეში, რაც, მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა სუიციდის პრევენციას. 

"ამ დრომდე არ შემუშავებულა სუიციდის პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას.  ამასთან, მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან პროფესიონალთა სისტემური მუშაობის გაძლიერება" - წერია ანგარიშში.                 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი