საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობებს, იქნება ეს სახელმწიფო-პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე ცნობით, ცვლილებების თანახმად, ამგვარი პირები არათუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც.
„მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება. დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.
ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე, პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულობას.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (მაგ: პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა), ეს გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდება.
ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
„იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება – ორ წლამდე ვადით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ასევე, უმრავლესობის ლიდერის ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე