დელეგაცია ნატოს სამიტზე

28 ივნისი 2022, 18:08 678 ნახვა

მადრიდში ნატოს სამიტზეა საქართველოს პრემიერიც. ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. 29 ივნისს 30 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან. სამიტს მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გახსნიან. ევროპელი ლიდერების შეკრება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამიტამდე კი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აანონსებს. იენს სტოლტენბერგი ჯერ არ აკონკრეტებს რა სახის დახმარებას მიიღებს ალიანსისგან ოფიციალური თბილისი, თუმცა ცნობილია, რომ პაკეტით განსაზღვრული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოემსახურება. ალიანსის დახმარების ახალ პაკეტში ასევე იქნება ბოსნია-ჰერცოგოვინა და მოლდოვა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში