საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ბათუმის პორტში შესულ გემს, სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ტვირთის გამო, უარი ეთქვა საბაჟო პროცედურებზე და გემი ნავსადგურს ტოვებს.
მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის, დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს.
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოვიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს თანხმობა ტვირთის მიღებაზე არ გაუციათ.