უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15 000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ ჟურნალისტებს ჰააგაში განუცხადა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 600 ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის წინააღმდეგ დაიწყო.
მისივე თქმით, ომის 15 000-მდე დანაშაულიდან, რამდენიმე ათასი დონბასის რეგიონში დაფიქსირდა.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ომის სავარაუდო დანაშაულები მოიცავს ადამიანების შესაძლო იძულებით გადაყვანას რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.