26 მაისს  ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე - სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2022, 13:02 705 ნახვა

26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არ არის და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ 26 მაისი არის დაფიქრების და გააზრების დღე.

"26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე

 

დღე, როცა ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ, თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამეთუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა ეს დაფიქრება ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას.

მისი თქმით, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. პრეზიდენტმა საუბრისას პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ და ქართველ გმირებს.

ზურაბიშვილმა განაცხადა რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის - მათი სისხლისა და ტანჯვის დამსახურებაა.

"კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი.

 

ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული"-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის განცახდებით, საქართველოსა და ევროპას საერთო ფასეულობები აქვს, რაც ქვეყნის ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს.

"ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს. ჩვენი საუკონოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები ოდითგან გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან.

მაშინ, როდესაც ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. ოთხი მთავარი ფასეულობა და პრინციპი: სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს. ეს იქნება ანტიკური ხანის „ჩვეულებითი სამართალი“, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის „სისხლის სამართალს“ თუ ვახტანგ მეექვსეს „სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული“. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ. ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა ის, რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი