ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დანაშაულად ჩაითვალოს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მთავრობებს უფლებას მისცემს იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აქტივები ჩამოართვან, რომლებიც ევროკავშირის მიერ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თავს არიდებენ.
რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია ევროკავშირის 12 ქვეყანაში. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულია 13-ში და ორი ქვეყანა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს.
იუსტიციის კომისარის დიდიე რეინდერსის თქმით, კომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ევროკავშირში შემავალი 27-ვე ქვეყნისთვის.