საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია.
''ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას.
კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში'' - წერია განცხადებაში.