სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და საზედამხედველო ორგანოებზე არასათანადო კონტროლში ადანაუშაულებს

11 აპრილი 2022, 15:08 1270 ნახვა

სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და საზედამხედველო ორგანოებზე არასათანადო კონტროლში ადანაუშაულებს. საუბარია 2019-2020 წლის ანგარიშზე. ამ დროს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია იყო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე 2019-2020 წლებში სოციალური დახმარებები დასაბუთების გარეშეა გაცემული.

დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები ჰქონდათ .

2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331.4 ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432.0 ათასი ლარი. იმავე პერიოდში მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 358.2 ათასი ლარი.

“სოციალური დახმარებების გაცემის პროცესის შესწავლით გამოვლინდა მაღალი რისკი, რომ დახმარებები ფაქტობრივად არის მოსამსახურეების ფულადი წახალისება და არა სოციალური დახმარება. დასაქმებულებმა დახმარება, ძირითადად, მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა განცხადებების უმრავლესობას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია“-წერია დასკვნაში.

2019 წელს − 20, 2020 წელს − 22 მოსამსახურეზე, წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ორჯერ და მეტჯერ გაიცა. ამასთანავე, 2019-2020 წლებში, 158 შემთხვევაში ერთსა და იმავე საჯარო მოსამსახურეზე გაცემულია როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, სოციალური დახმარება.

დოკუმენტის მიხედვით, 2019-2020 წლებში სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებზეც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 125 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

ასევე მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე. ნაცვლად 11 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 31 და კერძო საკუთრებაში არსებული 116 ავტომობილით, ხოლო 2020 წელს მერია იყენებდა თავის საკუთრებაში არსებულ 23 ავტომობილს, თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 105 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 607.7 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა.

ქუთაისის ადმინისტრაციული საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 484 ფაქტი. ანუ დაუსაბუთებლად გახარჯულია 35.6 ათასი ლარის ღირებულების 14.3 ათასი ლიტრი საწვავი.

დოკუმენტის მიხედვით, შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი დაფიქსირდა, ჯამში გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6.0 ათასი ლიტრი საწვავი. დასკვნაში მითითებულია, რომ 2020 წელს მგფ-მა ქუთაისის მერიას გაუფორმა 22,669.5 ათასი ლარის სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თანხის ნაცვლად გადასცა 60 ახალი ავტობუსი. მიღებულ ავტობუსებს ექსპლოატაციას უწევს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. საწარმომ სერვისის განმახორციელებელ შპს-ს 9 თვის განმავლობაში, აღმოსაფხვრელად, 954-ჯერ მიმართა.

დოკუმენტში წერია, რომ დაზიანებების სიხშირე და ხარისხი მიანიშნებს, რომ გადმოცემული ავტობუსები უხარისხოა და არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობების მოთხოვნებს. 60 ავტობუსი არასაკმარისია ქალაქის ყველა სამარშრუტო ხაზის გამართული ფუნქციონირებისთვის. ასევე ერთდროულად რამდენიმე ავტობუსის გაჩერება მგზავრების გადაყვანის პროცესის პარალიზებას იწვევდა. დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის მერიამ უფუნქციო კომპანიის თანამშრომლების ხელფასებზე 88.4 ათასი ლარი დახარჯა.

,,შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პერსონალი, რომელთა ფუნქციურად დატვირთვა ვერ მოხდებოდა შპს-ისთვის ავტობუსების გადაცემამდე. შესაბამისად, დასახელებულ პერსონალზე გადახდილი თანხები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული არაეკონომიური ხარჯია"-წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020 წელს ქუთაისში განხორციელდა N1, N2 სამუსიკო სკოლებისა და ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც ჯამში დაიხარჯა 763.7 ათასი ლარი. სამუშაოები შეასრულეს შპს TU-KA-მ შპს „კოდორი – 2014“-მა 32, ხოლო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია ი/მ ლერი ვერძაძისა 33 და შპს „იუნივერს-პალასის“ 34 მიერ.

„მშენებლობის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესრულებული მშენებლობები უხარისხოა. N1 სამუსიკო სკოლაში დაზიანებულია კედლები, რის გამოც ზოგიერთ საკლასო ოთახში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი; N2 სამუსიკო სკოლაში, დათვალიერების დროს, არ მუშაობდა გათბობის სისტემა. ახლად შეცვლილი კარები და საკეტები, რიგ შემთხვევაში, დაზიანებული იყო და არ ფუნქციონირებდა.  შშმ პირებისთვის ასასვლელი დაგეგმარებულია ისე, რომ არ ესაზღვრება გზას და სარგებლობა შეუძლებელია“- წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. მთავარი აუდიტორი ასკვნის, რომ არსებობს რისკი, რომ ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია შესყიდვის შედეგებზე. ირკვევა, რომ ქუთაისის მერიამ კვებასა და სარესტორნო მომსახურებაზე 2019 წელს დახარჯა 117.8 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს – 31.3 ათასი ლარი. 2019 წელს ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით − 79-ჯერ, ხოლო 2020 წელს 54-ჯერ ისარგებლა.დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი პროდუქტის შესახებ და სხვა მონაცემები.

აუდიტის დასკვნაში ასევე წერია რომ 1,984.5 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ არის შესრულებული.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, აჭარის მაუწყებელი ქუთაისის მერიის პრესამსახურს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე, ამ ეტაპზე ქუთაისის მერიასა და სახელმწიფო აუდიტს შორის მიმდინარეობს კითხვა-პასუხის პროცესი და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

“სახელმწიფო აუდიტმა მოგვაწოდა საკუთარი ანგარიში, ქუთაისის მერიას აქვს  პასუხები და როცა საბოლოოდ შევჯერდებით, შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის კომენტარს”-გვითხრეს ქუთაისის მერიაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი