ვაქცინები ქვეყანაში არის სამი სახის. „ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მისი განაწილება და განახლდება „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულამდე სასურველია, რომ მოსახლეობის 65 პროცენტი იყოს აცრილი.
„ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, 65 პროცენტი არის ზაფხულის შუა რიცხვებამდე მთელი მოსახლეობის, ამდენად ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია გადაწყვეტილება იყოს დროული,მოვიდეს მოქალაქე, რომ მიიღოს ბუსტერდოზა რადგან ბუსტერდოზის მნიშვნელობა კვლავაც ძალიან მაღალია. ასევე, მან თუ ჯერ არ ჩაიტარა ვაქცინაცია პირველი და მეორე დოზა.
წახალისების პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, 100 ლარი ბუსტერდოზაზე. რაოდენობრივად წლის განმავლობაში ერთი მლნ „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული რომელიც ეტაპობრივად შემოვა. ახლა პირველი შემოტანაა 25 პროცენტი ამ დოზების და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ სრულად იყოს ჯაჭვი უზრუნველყოფილი. ვაქცინაციის ასაკი ჩვენთან 12+ზემოთ არის, ხუთიდან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია განსხვავებული ვაქცინა. ამ ვაქცინის მოწოდებაც შედარებით მოგვიანებით იგეგმება, რადგან არის მოთხოვნა ამ ტიპის ვაქცინაზე განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და გარკვეული რაოდენობის ამ ვაქცინის მოწოდებაც მოხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.