სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობას კვლავ ცეცხლი უკიდია. კეიპტაუნის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა პარლამენტის სახურავის ქვეშ არსებულ სივრცეში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ერთი დღით ადრე მასშტაბურმა ხანძარმა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობის დიდი ნაწილი დააზიანა. ჩამოინგრა შენობის ახალი ფლიგელის სახურავი. ასევე, ნაწილობრივ ჩამოინგრა 1884 წელს აგებული ძველი ფლიგელის სახურავი. პოლიციამ 49 წლის მამაკაცს ცეცხლის განზრახ გაჩენაში წაუყენა ბრალი. ის სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ 4 იანვარს წარდგება.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის თქმით, თუ ხანძრის განზრახ გაჩენა დადასტურდება, ეს იქნება შეფასებული, როგორც ქვეყნის დემოკრატიაზე თავდასხმა.