ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, საგამოძიებო უწყება კი დუმს - ''ნაციონალური მოძრაობის'' აქცია აჭარის მთავრობასთან 

28 დეკემბერი 2021, 11:35 1148 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია, საგამოძიებო უწყება კი დუმს.

​''ეს არ იყო გარდაცვალება, ეს იყო ბატონი ნუგზარის მკვლელობა. 40 დღის განმავლობაში დღემდე არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. ირონია და დაცინვაა ის რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს გამოძიება თაროზე შემოდონ და ბატონი ნუგზარის დაღუპვა გაასაღონ, როგორც ერთი რიგითი მოვლენა. 

აქ ვიმყოფებით საკრებულოს წევრები, ბატონი ნუგზარის მეგობრები. პირდაპირ ვეუბნებით ბატონ რიჟვაძეს და ღარიბაშვილს - კეთილი ინებეთ და კითხვებზე გაეცით პასუხები. ვიცით, რომ გეშინიათ, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევთ პასუხის გაცემა. 

არ ვაპირებთ ახალ წელს ვიჯდეთ სახლში და ვუყუროთ როგორ ზეიმობს ''ქართული ოცნება'' - განაცხადა რეზო ხარაზმა. 

საქმით დაინტერესებისაკენ  მოუწოდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ. ნაზი ფუტკარაძის განცხადებით, დამნაშავეები გამოძიებისთვის უკვე ცნობილია და ისინი უნდა დაისაჯონ.

"ჩვენთვის არავითარი პასუხი არ გაუციათ ამ პერიოდის განმავლობაში. თორნიკე რიჟვაძისგან მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ ბოდიში მოუხადონ ჩემს ოჯახსო, მის ოჯახს კი არ უნდა მოუხადონ ბოდიში, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან მამა-შვილი. მათ უნდა დატოვონ აჭარის მართვა, როგორ შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავემ მართოს ქალაქის ბედი. ჩემი ძმა დაიღუპა ამათი ზეწოლისგან, ამას ვერაფერი გამოასწორებს, თუმცა მთავარია, რომ არ მიმდინარეობს ობიექტური გამოძიება. ახლა დადის თურმე დავით რიჟვაძე დ თანამშრომლებს აჯილდოებს, რისთვის აჯილდოებს? ალბათ იმიტომ, რომ მის შვილს იცავენ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქალაქის ინტერესებს. ჩვენ გვინდა სამართლიანობა, თავისუფლება, რომ ობიექტურად წავიდეს გამოძიება.

არ მიდის სწორი მიმართულებით ეს გამოძიება. მივმართავ სხვადასხა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოს, დაინტერესებულ პირებს ჩაერთონ და სწორი მიმართულებით წავიდეს გამოძიება, დაისაჯონ დამნაშავეები. ჩემი ძმა არანაირი ბრალდების გამო არ არის მსხვერპლი, მაგ გულწრფელად გაიმარჯვა, თუმცა არ აცალეს ქალაქში კაცურად ევლო და მოსახლეობის ინტერესები დაეცვა"- განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მთავრობის ტავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამას და სხვა მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში