უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი

27 ნოემბერი 2025, 09:22 119 ნახვა

სწორედ ეს იყო არსი ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადების, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული თემები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ გვინდა, იყოს გამოყენებული, მაგრამ მეორე მხრივ, მთელი ერთი წელია, ზუსტად ამას ვხედავთ და ვიზალიბერალიზაციაც ამის ნაწილია, -  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში, სხვა მიზანი ამას არ აქვს. რატომ უნდა დასაჯო საქართველოს მოქალაქე, რატომ უნდა გაუუქმო საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა? ასე თუ წუხს ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მაშინ შეგვეძლო, ჩაგვეტარებინა ადამიანის უფლებათა დიალოგი, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა შეიქმნა, რათა სწორედ ასეთ საკითხებზე ყოფილიყო საქართველოსთან საუბარი, მოგვესმინა მათი პოზიციები და მოესმინათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ყოველგვარი დიალოგის გარეშე სპეკულირება, თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, გაკეთდეს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების დასჯას გადაიფიქრებს ევროკავშირი; თუმცა, ძალიან რთულია დღეს არსებული ბიუროკრატიის პირობებში რამე გადაწყვეტილების რაციონალურობაზე დავდოთ თავი მაშინ, როდესაც ვხედავთ ძალიან ბევრ ირაციონალურ გადაწყვეტილებას, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მოდის. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე ბევრი საუბრობს დღეს, ძალიან ბევრი იწერება და ძალიან ბევრი გვესმის, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა არ არის საკმარისად კარგი და არ არის მიმართული სწორედ ევროპის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არსებობს ქვეყნის, ან კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების მიმართ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე, ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლოდროინდელი კრიტიკული გზავნილების გათვალისწინებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ელოდება თუ არა ხელისუფლება ცალკეული პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების ამოქმედებას, რადგან ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მიზნობრივი სავიზო შეზღუდვები მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თუ მიზნობრივ ჯგუფებს შევხედავთ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ასეთი რეჟიმი ამოქმედებულია.

„არ ვიცი, რაც ჰქონდა ევროკავშირს ხელში, მიზნობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ამოქმედებულია ასეთი რეჟიმი. ჩვენ ვიზისთვის მივმართავთ ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის საელჩოებს, როდესაც კონკრეტული შეხვედრებისთვის მივემგზავრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ქვეყნის ვიზას და ეს დიდ პრობლემას არ უქმნის საქართველოს მოსახლეობას. არ მგონია, ეს იყოს ის, რა მიზნითაც კეთდება მსგავსი შანტაჟის განცხადებები. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც იმ მიზანს ემსახურება, რაც რეალურად, იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ასე მონდომებით საუბრობენ ხოლმე უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ჩვენ ძირითადად, ეს გვესმის აქ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან და ე.წ.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც არიან სატელიტები და რაღაც კოორდინირებულად მოქმედებენ. თან, გვესმის ხოლმე გულზე მჯიღის ცემით, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირშიო. არა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ამ რეჟიმით ისარგებლონ. აქ უამრავი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. ამ ნაბიჯებზე ჩვენ ყოველდღიურად ხომ არ ვსაუბრობთ? უამრავი რამ გაკეთდა, იქნებოდა ეს რეადმისიის შეთანხმებები, საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, პოლიციის ატაშეები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენი ნაბიჯები იყო, იქ საზღვრის კონტროლის შემოღება მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხარესთან ერთად კონტროლის განხორციელება, როდესაც მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობენ. იცით, რა ბევრი ნაბიჯი გადადგა საქართველომ იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო მოთხოვნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული და ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას. მე ვიტყოდი ასე, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ დამატებითი ანგარიშიც გააგზავნა აგვისტოს თვეში.

„გახსოვთ, რომ მოითხოვეს, საქართველოს წარედგინა ანგარიში. სრული ანგარიში ჩვენ აპრილის თვეში გვაქვს წარდგენილი სავიზო რეჟიმის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და დამატებითი ანგარიში რატომ მოგვთხოვეს, რომ მაინცდამაინც 31 აგვისტომდე იყო ეს ანგარიში წარდგენილი მაშინ, როდესაც 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები იყო დანიშნული საქართველოში? ეს ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუკი ჩვენ ან ანგარიშს არ გავაგზავნიდით, ან იმ ანგარიშში რამე იქნებოდა ისეთი, რაც გამოდგებოდა კიდევ შანტაჟის გასაძლიერებლად, ეს ამისთვის ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ასეთი რამ ვერ მიიღეს; ანგარიში გაიგზავნა დათქმულ დროზე, ანგარიში გაიგზავნა საკმაოდ კარგად მომზადებული და ის ორი საკითხი, რომელიც ითქვა არაერთხელ და შეეხებოდა კანონებს, ძალიან გარკვევით დაიწერა ამავე ანგარიშში, რომ კანონები მიღებულია საქართველოს ლეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კანონები მიიღოს. რომელი კანონი თუ ევროკავშირთან შეუთავსებელია, დაგვისხდნენ და გვესაუბრონ, რომელ კონკრეტულ ნორმას ეწინააღმდეგება ეს კანონი. მაშინ, როდესაც უცხოურ ჩარევებზე საუბრობს ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ყველა ამბობს, რომ უცხოური ჩარევები არის მათთვის პრობლემა, რატომ შეიძლება, ეს იყოს საქართველოში ევროკავშირთან შეუთავსებელი, წარმოუდგენელი რამ არის. ყველა საუბრობს ამაზე, გამუდმებით არის ამაზე საუბარი. დროზე თუ მიხედავენ ამ საკითხს ევროკავშირში და დროზე იქნება უცხოური ჩარევების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი უკეთეს პირობებში გააგრძელებს მუშაობას, რადგან ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა ევროკავშირისთვის. დროზე  თუ გააცნობიერებენ ევროკავშირის დონეზე, კარგი იქნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი