არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება, მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ რჩება სახელმწიფო, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა - პრემიერი

13 წუთის წინ 62 ნახვა

მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო, რაც შეეხება მიწის გასხვისებას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიწები შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებით იყოს გამოყენებული და ეს არის უშუალოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელება.

„ესეც არის გარანტირებული იმ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და „იგლ ჰილსს“ შორის. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა-ნაგებობებზე ანუ, ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება იმიტომ, რომ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ერთ-ერთი მესიჯია ამ პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, საზოგადოებას გავუზიაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, არავითარი არსებითი პუნქტი აღნიშნული ხელშეკრულებიდან საზოგადოებისთვის უცნობი არ არის.

„მე მინდა, გთხოვოთ პარლამენტარებს, თეორიულად წარმოიდგინეთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება, იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც გსურთ ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენებაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ, ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ, რა თქმა უნდა, არავითარი მეჩეთების აშენება არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, გიპასუხებთ. მეტიც, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არაა შეტანილი ხელშეკრულებაში. იგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ "Eagle Hills"-ის პროექტი ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება, საიდანაც კრწანისის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 600 ჰექტარს, ხოლო გონიოს ტერიტორია, დაახლოებით 250 ჰექტარს. მისივე თქმით, გავრცელებული „ათასგვარი სპეკულაციების“ მიუხედავად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს ეს ტერიტორია მონაკოს ოთხჯერ აღემატება, რეალობას არ შეესაბამება.
 
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ განაშენიანების გეგმა, როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, საჯარო პროცედურის საფუძველზე.
 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი