ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა - კონკრეტული ადამიანების დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, პროცესს აფერხებს - გახარია

22 დეკემბერი 2021, 20:29 1182 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ამ პროცესს აფერხებს. ასევე აღნიშნა, რომ შიმშილობით პროტესტის გამოხატვა იმ შედეგს ვერ გამოიწვევს, რაც ქვეყანას სჭირდება. 

მისივე განმარტებით, ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა, რის განხორციელებაში ყველა უნდა დაეხმაროს.

"საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ უნდა მადლობა გადავუხადოთ, ყველამ. იმიტომ, რომ ამას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიყავს წინ. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ ყველამ უნდა ვეცადოთ, ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ", - აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული შეთანხმების პროცესს აფერხებს.

"კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება",- განაცხადა გახარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ  მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადებას გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროტესტის ეს ფორმა იმ შედეგს ვერ გამოიწვევს, რაც ქვეყანას სჭირდება. 

"შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ქვეყანაში, ახალი წლის წინ რეალური პრობლემა აქვს თითოეულ ოჯახს - შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების და ა.შ. ეს, ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეთანხმება, ეროვნული კონსესუსი ამაზე უნდა შედგეს და არა, კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება ან არ გათავისუფლებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს საპატრიარქოში შეხვდა, როგორც გახარიამ თქვა, მან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. შეხვედრის დეტალებზე გახარიას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი