''თავისუფლება მიშას'', ''შეწყდეს პოლიტიკური დევნა'' და დროულად გამოიძიონ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე - ამ მოთხოვნებით, დღეს, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ქობულეთის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პარტიის აქტივისტების დევნის პროცესში ჩართულია ქობულეთის პოლიციაც.
ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან, რომელიც ხვალ დედაქალაქში იგეგმება.
''განსხვავებული პოზიციის გამო აქტივისტებს აპატიმრებენ. მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. სამწუხაროდ, ჩართულია ქობულეთის პოლიციაც. ხედავთ, როგორ აჯარიმებენ ადამიანებს, საკრებულოს წევრებს. ეს ყველაფერი დიდ პრობლემას ქმნის. ის რომ ხელისუფლება ცდილობს საპოლიციო ძალის გამოყენებით განსხვავებული აზრი შეზღუდოს, არ გამოუვათ. ქვეყნის ნომერ პირველი რეფორმატორი სასჯელს იხდის პუტინის დავალებით. ჩვენ თავი დაგვანებონ და სამართალდამცველებმა გამოიძინონ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობენ, რომ ისინი აქციებს ყოველდღიურად გამართავენ და ამ ფორმით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გააპროტესტებენ.