ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

22 ნოემბერი 2021, 11:04 1173 ნახვა

ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას, დღეს, ოფიციალურად შეუდგა. არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამართავს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

''მომდევნო ოთხი წელი ქალაქისთვის  მნიშვნელოვანი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმი იყოს უკეთესი, მათ შორის მოქალაქეებთან ურთიერთობის ნაწილში, შეხვედრებს გავაგრძელებთ ადმინისტრაციულ ერთეულებში. განხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში იყო დაანონსებული, ათივე მიმართულებით. იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს ეკომეგობრული, ევროპული სტანდარტების, ამისთვის ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. 

პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმელ ამომრჩეველს,  ორივე ტურში იყო უპრეცედენტო აქტივობა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არადამახასიათებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმელები მოლოდინით არიან განმსჭვალული'' - განაცხადა ჩიქოვანმა. 

რაც შეეხება საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, მერი ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულებები გვერდით უნდა გადაიდოს და თანამშრომლობა გაგრძლდეს.

''საარჩევნო ვნებათაღელვამ ჩაიარა, ახლა დროა  ყველანი ერთად,  კონსტრუქციულ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. კონსულტაციები არის დაწყებული და დარწმუნებული ვარ ბათუმის საკრებულო იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს და ეფექტურად იმუშავებს'' - აცხადებს მერი.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი საკრებულოს წინა მოწვევის შემადგენლობამ დაამტკიცოს.

''როგორც სამართლებრივ ასევე პროცედურულ ნაწილში ბუნებრივია ქალაქს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მომდევნო წლის განმავლობაში გააჩნდეს ის ბიუჯეტი, რაც არის მოქალაქეთა დაკვეთა, რაც არის მოლოდინები, ისევე, როგორც მიმდინარე წლის საბიუჯეტო კორექტირება, ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული, ისეთი სახით, როგორსაც მხარს უჭერს ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა.

პროცედურულად და სამართლებრივად მიიღებს ბიუჯეტს, რომელიც იქნება გამართული, რომლის მიმართაც არანაირი კითხვითი ნიშნები არ იქნება. დამატებით გეტყვით, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე, - ეს არის მიმდინარე პროექტები, ეს არის გარდამავალი თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და ასევე პროგრამები, უნდა განხორციელდეს.   

რაც შეეხება ბიუჯეტის შემდგომში კონტროლს, მასში ცვლილებებს და ა.შ.  კანონით დადგენილი წესით, საკრებულოს შეუძლია მომდევნო წლის განმავლობაში, წინ 12 თვე არის. იქ არაერთი ცვლილება შევა, ამ ნაწილში კითხვით ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ'' - განაცხადა ჩიქოვანმა.   

არჩილ ჩიქოვანი მერად არჩევამდე ბათუმის მერის მოვალეობას მისი წინამორბედის, ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ ასრულებდა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბათუმში ამომრჩეველთა ხმები 48.982 პროცენტი მიიღო – 36 710 ხმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 51.018 პროცენტი, 38 236 ხმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი