მემედ აბაშიძის №56 მდებარე კორპუსს სასწრაფოდ ესაჭიროება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება - ბათუმის მერია

19 ოქტომბერი 2021, 16:00 2361 ნახვა

8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კოპრუსის პირველი სადარბაზო ავარიულია, თუმცა გამაგრებას ექვემდებარება. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მემედ აბაშიძის №56  მდებარე კორპუსში მოქალაქეები ამ ეტაპზე ვერ დაბრუნდებიან. ლელა სურმანიძის განმარტებით, დარღვევები გამოვლინდა ერთ-ერთ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. პირველ სართულზე არსებულ ბინაში, სასწრაფოდ, გამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი.

მისი თქმით, ობიექტის მფლობელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდება. 

რაც შეეხება, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსს, ამ ეტაპზე არსებული დასკვნით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"მემედ აბაშიძის  №56 მდებარე კორპუსს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მოსახლეობა პრევენციის მიზნით იქნა გაყვანილი, ვინაიდან ექსპერტმა სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები აღმოაჩინა. დასკვნით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ნაკვეთური არის ავარიულ მდგომარეობაში და სასწრაფოდ ესაჭიროება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის ნაკვეთურს, შენობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე გამაგრებით სამუშაოებს არ საჭიროებს, თუმცა დასკვნის თანახმად საჭიროა კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმება ექსპლუატაციის და მშენებლობის დროს.

ფართის მფლობელი, სადაც მიმდინარეობდა სამუშოები უზრუნველყოფს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას და ამის შემდეგ მოსახლეობა დაუბრუნდება საცხოვრებელ ადგილებს. გამაგრებამდე მერია უზრუნველყოფს მათ ყოფნას უსაფრთხო ადგილას. თავდაპირველად უნდა მომზადდეს გამაგრებითი სამუშაოების პროექტი და შემდეგ ჩატარდეს სამუშაოები, მანამდე პრევენციის მიზნით, მოსახლეობა გაყვანილი იქნება კორპუსიდან '' - განაცხადა ლელა სურმანიძემ. 

მისივე განმარტებით, ობიექტზე სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვა გაცემულია, მუნიციპალურმა ინსპექციამ კი რამდენიმე დღის წინ  პროექტსა და ჩატარებულ სამუშაოებს შორის შეუსაბამობა დააფიქსირა. 

''დაწყებულია საქმის წარმოება, ხოლო ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ იქ შეიქმნა ავარიული მდგომარეობა ჩატარებული სამუშაოების შედეგად. 26 მაისის ქუჩაზე არსებული შენობა, რომელიც ნაწილობრივ ჩამოინგრა ექსპერტიზის დასკვნით არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა დემონტაჟის განხორციელება. კლდიაშვილის ქუჩაზე მდგარი შენობა არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, მემედ აბაშიძეზე მდებარე შენობაზე კი ჩატარდება გამაგრებითი სამუშოები. რა გახდა ჩამონგრევის მიზეზი ჩვენ ამ ტიპის ექსპერტიზას ვერ ჩავატარებთ, აღნიშნულზე უკვე საგამოძიებო ორგანოები იმსჯელებენ'' - აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოქალაქეთა ევაკუაცია 15 ოქტომბერს, ღამით განხორციელდა. ბათუმის მერიამ 40-მდე ოჯახი სასტუმროში გაიყვანა.

 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში