ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

15 ოქტომბერი 2021, 23:49 4864 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

საუბარია მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.

მერიამ 40-მდე ოჯახი სასტუმროში გაიყვანა. მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილება ექპერტიზის დასკვნის საფუძველზე, პრევენციის მიზნით მიიღეს.

ექსპერტიზა მემედ აბაშიძის 56-სა და კლდიაშვილის 13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა, თუმცა კლდიაშვილზე მდებარე ბინის დაცლა საჭირო არ გახდა.

არსებული ინფორმაციით, საინჟინრო ექსპერტიზის განმეორებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორპუსში ცხოვრება სახიფათოა. მიზეზი კი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლის დაზიანებაა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განაცხადებით, სამუშაოებზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

"ჩატარდა მემედ აბაშიძის 56-ში და კლდიაშვილის 13-ში მდებარე კორპუსების ექსპერტიზა. ექსპერტის შეფასებით, ვინაიდან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მუნიციპალურმა ინსპექციამ მანამდე აღმოაჩინა დარღვევა, შეუსაბამობა პროექტთან, აქედან გამომდინარე ექსპერტის მოსაზრებით უმჯობესი იქნებოდა პრევენციის მიზნით გაგვეყვანა მოსახლეობა სასტუმროებში. მემედ აბაშიძის 56 -დან გაიყვანეს მხოლოდ მოსახლეობა.

ორშაბათს იქნება ექსპერტიზის პასუხი. ამ პასუხის მიხედვით ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები და მოსახლეობა ალბათ დაუბრუნდება საცხოვრებელ ადგილს.

მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა ეს დარღვევა, ვთხოვეთ ექსპერტს, რომ შეეფასებინა და მისი რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით მოხდა ევაკუაცია. შენობის მდგომარეობა პირველადი შეფასებით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ რადგან არის რაღაც დარღვევა, ამიტომ უმჯობესად ჩაითვალა მოსახლეობის გაყვანა,"-განაცხადა ლელა სურმანიძემ.

კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.

მოსახლეობის ევაკუაცია ღამით განხორციელდა. აჭარის მაუწყებლის გადამღები ჯგუფის ადგილზე მისვლისას მოქალაქეებისგან საცხოვრებელი სახლი დაცლილი იყო, ამიტომ დამატებითი დეტალების დაზუსტება მათთან ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში