ვინ გახდება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე? - გახარიას პარტიის წევრების ხმები გადამწყვეტი იქნება

04 ოქტომბერი 2021, 15:56 5304 ნახვა

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ექნება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში ოთხი პარტია შედის. "ქართული ოცნება“, "ნაციონალური მოძრაობა", "გახარია საქართველოსთვის“ და "ლელო“.

"ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, რასაც პროპორციული სიით 4 მაჟორიტარი დაემატება, "ნაციონალური მოძრაობა" 12 წევრს შეიყვანს, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება,  "გახარია საქართველოსთვის'' 3, ხოლო "ლელოს" 1 წარმომადგენელი ეყოლება. 

ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ კალოიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალოიანმა მაჟორიტარულ ოლქში ვერ მოიგო. ამავე შეთანხმებით განიხილება მეორე ვარიანტი: ვისაც მეტი ხმა ექნებოდა ის იქნებოდა კანდიდატი, მაგრამ არა ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი. 

''ლელოს'' კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რომელიც საკრებულოში მოხვდა ამბობს, რომ ​შესაძლოა ოპოზიციიდან სწორედ ის იყოს წარმოდგენილი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 18 ხმა არის საჭირო. თუ გიორგი გახარიას გუნდი ოპოზიციის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს მისი დამტკიცება ვერ მოხდება. 

ირაკლი კუპრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარტია ''გახარია - საქართველოსთვის'' არჩევანს ოპოზიციურ ფლანგზე გააკეთებს. 

''ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ერთი პლატფორმიდან იბრძოდა ისედაც შეთანხმებული იყო ჩემს კანდიდატურაზე ვახო კალოიანთან ერთად. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ვინც საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახის მხარს დაუჭერს ოპოზიციურ კანდიდატს და არა ''ქართულ ოცნებას''. ნებისმიერ შემთხვევაში რა ფორმულაც არ უნდა დაჯდეს, ''ლელო'' აუცილებლად იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, ნებისმიერ სხვა ტიპის კოორდინაციას ''ქართულ ოცნებასთან'' გამოვრიცხავთ. ვიცი რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცალსახად მიჭერს მხარს. იმედი მაქვს რომ გახარიას გუნდი გადაწყვეტს ოპოზიციას დაუჭიროს მხარი. მოლოდინიც ასეთია, თუ ისინი ოპოზიციად მიიჩნევენ თავს'' - განაცხადა კუპრაძემ. 

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ჯერ კანდიდატურა გადაწყვეტილი არ არის და საჭიროა კონსულტაცია. 

"თუ ოპოზიცია შეთანხმდა და მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, შეთანხმებული კანდიდატიც იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. შესაძლებელია ეს იყოს "ლელოს" პარტიიდან, გახარიას პარტიიდან ან "ნაცმოძრაობის" პარტიიდან. ამაზე თუ არ შევთანხმდებით წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. ყველფერი შესაძლებელია თუ თანამშრომლობა შედგა" - აცხადებს ნოდარ დუმბაძე. 

ბათუმის საკრებულოში​ ''გახარია საქართველოსთვის'' წარმომადგენელი არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა ოპოზიციის კანდიდატურას მხარს.

''არ ვაპირებთ არც ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' და არც ''ქართულ ოცნებასთან'' შეკვრას. შესაძლოა საუბარი იყოს ტექნიკურ უმრავლესობაზე, რომელმაც საკრებულოს გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყოს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილებას მივიღებთ შინაგანი მრწამსიდან  გამომდინარე'' - ამბობს აკაკი გვიანიძე.

მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას გაჭირვების დროს შეეკვრებიან არის აბსოლუტური ტყუილი. 

''ბათუმელმა ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება , არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა საკრებულოში, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ რეალურად პოლიტიკის კეთება. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ჩვენ ვიჭერთ ბათუმელი ამომრჩევლის მხარეს და გავატარებთ მათ ინტერესს. არავისზე მიბმული არა ვართ, არც ,,ნაცების'' პროექტი ვყოფილვართ და არც ''ქართული ოცნების''- ამბობს გვიანიძე. 

''ქართულმა ოცნებამ'' საკრებულოში უმრავლესობა სამ მუნიციპალიტეტში ვერ მოიპოვა, მათ შორის ერთი ბათუმია. ირაკლი კობახიძეს ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი მოშლის პირასაა, ამიტომ უმრავლესობის ჩამოყალიბება არ გაუჭირდებათ. 

''თუ არ ინერვიულებთ უფრო კარგ პასუხს გაგცემთ. რაც შეეხება სამ მუნიციპალიტეტს სადაც არის ასეთი ვითარება.  აქაც არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ამას აქვს ერთი მარტივი საფუძველი, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი მანდატების კონკრეტული რაოდენობით არიან მოშლის პირას. შესაბამისად ამ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჭირდება. გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, გამორიცხულია თანამშრომლობა, რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება'' - განაცხადა კობახიძემ. 

საკრებულოს არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობდა. 3%-იანი ბარიერი კი მხოლოდ ოთხმა გადალახა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში