''ქართული ოცნება'' კარდაკარის პრინციპით და შტაბში საჯარო მოხელეებთან შეხვედრებით ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს - ენმ

29 სექტემბერი 2021, 11:31 1408 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ''ქართულ ოცნება'' ამომრჩევლის შანტაჟს, მოსყიდვასა და მათზე ზეწოლას განაგრძობს. ამის დასტურად დღეს ფოტო და ვიდეო მასალა წარადგინეს, სადაც საჯარო მოხელეები და ასევე პოლიციის თანამშრომლები არიან დაფიქსირებული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი კარდაკარის პრინციპით ცდილობენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციების მოძიებას და შემდეგ მათზე გავლენის მოხდენას.

ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეომასალა ''ქართული ოცნების'' შტაბიდან მიაწოდეს. გიორგი კირთაძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირ რესურს იყენებს იმისათვის, რომ არჩევნებზე სასურველი შედეგი მიიღოს.

"ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესში  უკანონო მეთოდებითაა ჩართული. ფოტებიდან, რომელიც ,,ოცნების'' შტაბიდან მოგვაწოდეს, კარგად ჩანს თუ რას აკეთებენ საჯარო მოხელეები, პარტიულ სიაში მყოფი პირები. მათ კომისიისთვის განკუთვნილი სამაგიდო სიები აქვთ გახსნილი და თითოეული ამომრჩევლის შესახებ აგროვებენ ინფორმაციას. მერე ეს ინფორმაციები ხარისხდება და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე ინფორმაცია იგზავნება სუს-ში. ​

ჩამონათვალში აღმოვაჩინეთ მალხაზ შავიშვილიც, რომელსაც ავტორიტეტის სტატუსი აქვს მინიჭებული "ქართული ოცნებიდან" და ის მუშაობს ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამომძიებლად. არა თუ მხოლოდ საჯარო მოხელეები, უბნის ავტორიტეტები, არამედ პირდაპირ შსს-ს წარმომადგენლები საარჩევნო შტაბში უზით, ჩვენზე ინფორმაციას აგროვებენ და ოქმებსაც ხელს აწერენ" - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ქობულეთის მერობის კანდიდატი კი ამბობს, რომ მთავრობამ არჩევნებში დასახმარებლად აზერბაიჯანში მოქმედი ელჩი ზურაბ პატარაძე გამოიძახა.

''როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია თანამშრომლებს გადასცეს ფულადი ჯილდო. ასევე თითოეულ მათგანს გადასცეს კარდაკარის და ე.წ. ურჩი ამომრჩევლების სია, რომ მათი ავტორიტეტით მოხდეს გადაბირება. მინდა საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ვუთხრა, ოპოზიცია არ იმარჯვებს თქვენს საწინააღმდეგოდ და სახლში გასაშვებად. ჩვენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უნდ გავიმარჯვოთ. თუ სამწუხაროდ უკანონო ქმედებაში და არჩევნების გაყალბებაში ჩაერთვებით დადგება  სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი'' - თქვა ბრიფინგზე ბონდო თედორაძემ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი