ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდა.
ამ დროისთვის გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ქობულეთის 4 სოფელი - კვირიკე, დაგვა, აჭყვისთავი და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები, სადაც დიდი რაოდენობით ჩამოწოლილმა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაკეტა და დააზიანა ბუნებრივი აირის მილი.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დილის მონაცემებით, სულ 10-მიმართულებაზეა შეზღუდული მოძრაობა.
"ამ დროისთვის 7 ერთეული მძიმე ტექნიკა ეტაპობრივად გადის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთებში და დაიწყება გზების გაწმენდის პროცესი"-აცხადებენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილებაში.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ცხელ ხაზზე შესულია 15-მდე შეტყობინება მეწყერთან დაკავშირებით.
მათივე განმარტებით, მიწის მასა ძირითადად საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ გზებზე ჩამოწვა.
დაიტბორა ვერულიძის ქუჩა, რამდენიმე ოჯახს წყალი შეუვიდა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულებსა და სარდაფებში.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი და ხდება შემოსული შეტყობინებების შესწავლა.
მათივე განცხადებით, დამეწყრილი ადგილების გასაწმენდად გასულია 7 ერთეული საავტომობილო გზების დეპარტამენტის და 2 ერთეული მერიის მძიმე ტექნიკა.
ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტში: 3, 16 და 22 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზარალებული 24 ოჯახია დროებით გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას, რომლებსაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ეზოები დაუზიანა.