მსურს ვიფიქრო განახლებულ პარტნიორობაზე რუსეთთან, მაგრამ დღეს ეს შორეული პერსპექტივაა.
დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი რადარის ეკრანზე არ ჩანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა არჩევანმა ურთიერთობებში ნეგატიური სპირალი შექმნა.
რუსეთის პროვოკაციული ქმედებების სია გრძელია და ის აგრძელებს ესკალაციის დინამიკის კვებას,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია ერთობა.
აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი გარკვევით ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა და აქვე დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი რჩება ევროკავშირის უმსხვილეს მეზობლად და მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშედ, ის არ გაქრება და ერთ ღამეშიც არ შეიცვლება.