არ გამორიცხავ, სპეციალური პორტალით გამოვლენილი „მწვანე ზონებისთვის“ პროტოკოლის მოთხოვნები შემსუბუქდეს - ბექა ფერაძე

14 სექტემბერი 2021, 12:32 1156 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდსაშვის ონლაინ პლატფორმა შექმნა.

პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, კომპანიები კოვიდსაშვით მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.

Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

სპეციალური აპლიკაცია, ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, განსაზღვრონ ვიზიტორების კოვიდ სტატუსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ განისაზღვროს ე.წ. მწვანე ზონები.

" არ გამოვრიცხავ ,,მწვანე ზონისთვის'' ვიმსჯელოთ და საბჭოს წარვუდგინოთ რეკომენდაცია, რომ განსხვავებული პროტოკოლი იყოს დაწესებული. მაგალითისთვის, მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეში  ექვსი ადამიანის დაშვება ნებადართულია და თუ იქნება ,,მწვანე ზონა'', არ გამოვრიცხავ, გაიზარდოს და ეს მოთხოვნა აღარ იყოს ასეთი ობიექტების მიმართ, რადგან რისკი იქნება შემცირებული.

ეს პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს მეტ მოქნილობას, კოვიდთან ადაპტირებას და, მეორე მხრივ, მოქალაქეებს სთავაზობს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ ის სერვისი, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის თქმით, პორტალის მიხედვით, „მწვანე“ სტატუსი მიენიჭება მათ, ვისაც ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვთ სწრაფი კოვიდ ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვთ ჩატარებული „პისიარ“ კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო ექვს თვეში გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია, არიან ორჯერადად ვაქცინირებული.

საწყის ეტაპზე საიტის გამოყენებას ბიზნეს სექტორისთვის ექნება რეკომენდაციის სახე.

"რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეფუძნება "მწვანე ზონის" შექმნას და ადამიანების უსაფრთხო გარემოში ყოფნას, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

"ბიზნესი ამას თავად შეხედავს რამდენად მისაღებია ეს პორტალი მისთვის. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა ის, რომ ეს აუცილებელია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე პანდემიის დასაძლევად"- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი