დაიწყება თუ არა 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში  - თამარ გაბუნიას განმარტება

07 სექტემბერი 2021, 13:54 4781 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ტემპზე. 

“ვფიქრობთ, რომ ტენდენცია კეთილსაიმედოა - ახალი შემთხვევების კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საკლასო ოთახებში სწავლა დაახლოებით 332 სკოლაში განახლდება. 

''აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 332 სკოლაში, საუბარია მაღალმთიან და სოფლის სკოლებზე. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას, თუ რამდენს ჰქონდა ვირუსი გადატანილი, რამდენი მასწავლებელია აცრილი. განათლების სამინისტროსთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომ ამ სკოლებში სწავლა აღდგეს, იმიტომ რომ იქ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი. 

ასევე შეიქმნა უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია. მომდევნო დღეებში იგეგმება განხილვა.  ჩამოყალიბდება კრიტერიუმები სხვა სკოლებში რა მიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი