"ლელომ" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

23 აგვისტო 2021, 21:35 908 ნახვა

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ბიბილაშვილს აქვს კონკრეტული ხედვა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად იქნება გააზრებული.

"ლელო“ შეიქმნა, რათა მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ საახეებს, პროფესიონალებს, რადგან ამ ქალაქს, ამ ქვეყანას სჭირდება მიზანი, გადატვირთვა, ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება ჩვენ. სწორედ ამ განწყობით გვინდა, შემოგთავაზოთ ადამიანი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში - ანა ბიბილაშვილი. ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის ჩვენი თანამებრძოლი, „ლელოს“ დამფუძნებელი, არის მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პაარტიას, რადგან დღეს გვამოძრავებს საერთო მიზანი, ბრძოლა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის, რაც ყველაზე მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელომ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა.

"მინდა, ასევე წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიული სიის, საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. იგი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარი ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ვიბრძოლებთ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში