მოგმართავთ თხოვნით უშუამდგომლოთ ზაზა გახელაძე, რათა პატიმრობიდან გაათავისუფლონ - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს

23 ივნისი 2021, 17:36 761 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილობით თხოვნით მიმართავს და ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვს. წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

''მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმიდესობავ,

მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა  თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე  და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს,  რათა იგი პატიმრობიდან  გაათავისუფლონ  და ოჯახს  დაუბრუნდეს. კარგად  გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ   გაუცნობიერებლად  მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება  სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც  გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედივნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში  განმტკიცებისათვის'' - წერია წერილში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში