გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებმა, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს მათზე ზეწოლა მიმდინარეობს - სახალხო დამცველი

11 ივნისი 2021, 16:41 835 ნახვა

​გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა, როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგანაც.

"დღეს ერთ -ერთი მთავარი პრობლემა, რაც ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გამოიკვეთა ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა, როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცველ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან. ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორმა ამ და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეებისათვის ისინი ხშირად წარმოადგენენ ერთ -ერთ უკანასკნელ იმედს და ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

ამიტომ სასულიერო პირების განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არის ყურადღების გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან. სინამდვილეში, პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი პირი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს და ეს ისტორიები კიდევ უფრო მძიმდება. დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოიძიონ ის საქმეები, რაზეც ეს ბავშვები საუბრობენ. ასევე, ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ამ ბავშვებს, რომლებიც არიან უდიდესი ზეწოლის ქვეშ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ მათ მიმართ გამოიჩინოს ძალიან დიდი მხარდაჭერა იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს დღეს ძალიან უჭირთ, ხშირად ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან იმიტომ, რომ ამ საკითხებზე საუბრობენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს, ანნა ჩერნიშოვას შეხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი