საქართველო 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიიღებს, ივნისის ბოლოსკენ კი ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ შემოტანის პროცესი დაიწყება - გამყრელიძე

24 მაისი 2021, 15:09 1178 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ივნისის შუა რიცხვებიდან „კოვაქსის“ საშუალებით, 43 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიიღებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ივნისის ბოლოსკენ კი ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ შემოტანის პროცესი დაიწყება.

მისივე თქმით, „კოვაქსის“ პლატფორმიდან მესამე და მეოთხე კვარტალში ქვეყანა 1 400 000-მდე დოზა ვაქცინას მიიღებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ივნისის შუა რიცხვებში მივიღებთ „ასტრაზენეკას“ შემდგომ პარტიას „კოვაქსის“ საშუალებით, ეს იქნება 43 ათასი დოზა. იცით, რომ მიღწეულია შეთანხმება ჩინურ მხარესთან ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ მიღებასთან დაკავშირებით და წინასწარ თარიღებად განსაზღვრულია ივნისის მეორე ნახევარი და ყველაზე გვიან, ივლისის პირველი რიცხვები. ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვარი გვჩუქნის 100 ათას დოზა „სინოფარმს“, თუმცა აქ ჯერ თარიღები ცნობილი არ არის, ეს ზაფხულში განხორციელდება.

მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზა „ფაიზერზე“ და უკვე კონტრაქტი ფორმდება, სადაც საუბარია მესამე კვარტალში მილიონ დოზის მიღებაზე. ამის გარდა, 1 400 000 დოზაზე გვაქვს ხელშეკრულება „კოვაქსთან“ გაფორმებული და იქიდან ჯერჯერობით მიღებული გვაქვს 115 ათასი დოზა ვაქცინა და ამას დაემატება 43 ათასი დოზა, ამიტომ მესამე კვარტალში, დიდი ალბათობით, „კოვაქსი“ მოგვაწვდის ვაქცინების საკმაო რაოდენობას ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“ და „ნოვოვაქსთან“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში