ეს არის საარჩევნოდ გამოყოფილი ფული, რომელიც მიედინება ''ქართული ოცნების'' ყულაბაში - ნაციონალური მოძრაობა ''განახლებული რეგიონების'' პროგრამაზე 

13 მაისი 2021, 11:11 1509 ნახვა

მოვუწოდებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ''განახლებული რეგიონების'' ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტოს და აღნიშნული ფინანსური რესურსი მოახმაროს აჭარაში არსებული მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევას - ეს განცხადება ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, გმირთა ხეივანში, ბრიფინგი გამართეს. ამბობენ, რომ ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები გმირთა ხეივანში. ლევან ანთაძის თქმით, ეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. 

''მაგალითად გმირთა ხეივანი რომლიც არ საჭიროებს არათუ განაშენიანებას არამედ რეაბილიტაციასაც კი, ''ქართული ოცნება'' აპირებს დახარჯოს მილიონობით ლარი ხელახლა განაშენიანებისთვის. როდესაც ქვეყანაში პანდემიის პირობებში დამატებით 100 000 ადამიანი გახდა სოციალურად დაუცველი, როდესაც უმუშევრობის დონე საგანგაშოდ გაიზარდა, ,,ქართული ოცნება'' განაგრძობს  მავნებლობას და ადამიანებზე დახმარების ნაცვლად პანდემიის პირობებში ხალხის ფულის ფლანგვას'' - ამბობს ლევან ანთაძე.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი უნდობლობას იწვევს.

''ტენდერი ტარდება  DESIGN BUILD -ის მეთოდით, რომელიც გამარჯვებულ კომპანიას აძლევს საშუალებას საპროექტო და  სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს ეერთპიროვნულად და ასევე თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ნებისმიერი ქვეკონტრაქტორი კომპანია და განსაზღვროს ფასები. ცხადია ეს არის მორიგი კორუფციული სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო შავი ფულის ყულაბის შევსებას.

ეს არის საარჩევნოდ გამოყოფილი ფული, რომელიც მიედინება ''ქართული ოცნების ყულაბაში. მათ სურთ ამ ფულით მოქრთამონ ადამიანები და მოიგონ არჩევნები.'' - აცხადებს ხარაზი. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ბრიფინგს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ''განახლებული რეგიონების'' პროექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბათუმში იქნება.

''ოპოზიცია რას ამბობს ნაკლებად საინტერესოა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის პროექტი, რომელიც ''განახლებული რეგიონების'' ფარგლებში განხორციელდება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ბათუმში, იქნება შთამბეჭდავი, რომელიც როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე სტუმრებს დასვენებისთვის, გართობისთვის და მათ შორის საქმიანი პროექტებისთვის დაეხმარება. ეს არის მწვანე კორიდორის პროექტი, მწვანე პოლიტიკის ფარგლებში. პროექტი ფართო საზოგადოებისთვის იქნება წარმოდგენილი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში