ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები სრულდება. ბიუჯეტის პროექტს ამ წუთებში მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლები ეცნობიან. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სოციალურ პროგრამებს და გზების მოწესრიგებას უკავშირდება მოქალაქეების ძირითადი კითხვები ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვებზე.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარი იქნება, რაც 2025 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის ავტორების განცხადებით, პრიორიტეტულ პროექტებს შორისაა - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და ურბანული განვითარება.
მოქალაქეების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარედგინოს.
