„რიონის ხეობის მცველებმა“ 23 მაისის აქციის მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში გამართეს

10 მაისი 2021, 12:36 1040 ნახვა

„რიონის ხეობის მცველებმა“, 23 მაისის აქციის, მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში გამართეს. ისინი ამ წუთებში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერში არიან შეკრებილები და მოქალაქეებს  სამოქმედო გეგმებს აცნობენ. 

აქციის ორგანიზატორების მიზანია მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში, იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია.

"ხელისუფლება გაემიჯნა და არ უსმენს თავის მოქალაქეებს. ნამახვანჰესის მშენებლობაზე ტოტალურად ირღვევა უფლებები. ბევრი რამე შეგვიძლია ერთად დგომით, ხელისუფლებას უნდა მოვასმენინოთ ხალხის ხმა. ეს არაა პოლიტიკური აქცია, ეს მხოლოდ სახალხო მოძრაობაა და პოლიტიკური მიზანი ჩვენ არ გაგვაჩნია. 

ჩვენს პროტესტს რეგიონებიდან ყოველთვის უერთდებოდნენ ადამიანები, მათი ნაწილი დღესაც იქ არის, კარვებში ათენებენ ღამეებს. დააორგანიზეს რომ რეგიონებშიც შევხვდროდით  მოსახლეობას და გავაცნობდით გეგმებს. 23 მაისის აქციამდე, რასაც მოვასწრებთ დამოვახერხებთ, ჩავალთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და გავმართავთ შეხვედრებს. აჭარაში მხოლოდ ერთი შეხვედრა იქნება. წინასწარ გაწერილი გეგმა არ გვაქვს და სპონტანურად ვმოქმედებთ'' - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

დღეს, ქობულეთში შეკრებილმა „რიონის ხეობის მცველებმა“ მოქალაქეების მიერ დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე, ზეწოლის და დაშინების ფაქტებზეც ისაუბრეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქობულეთის სამაშველო სამსახურის სამი თანამშრომელი, 24 აპრილს გამართული აქციაში მონაწილეობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ერთი პირი, რომელზეც აქციის მონაწილეები საუბრობდნენ, წარსულში ნამდვილად იყო სამაშველოს თანამშრომელი, მაგრამ ის 2019 წლის სექტემბრის მერე აღარ მუშაობს სამაშველო სამსახურში. აღნიშნული პირი დროებითი 6-თვიანი კონტრაქტით იყო აყვანილი და ხელშეკრულების ვადა გაუვიდა.

ქობულეთის შემდეგ შეხვედრა გაიმართება ფოთშიც. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა-აქციები სოციალურ ქსელში დაიგეგმა. პირველი შეხვედრა „რიონის ხეობის მცველებმა“ ცაგერში გამართეს. 

აქტივისტები 433 მეგავატი სიმძლავრის ,,ნამახვანჰესის'' მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში კაშხალი არ აშენდება.

''პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. კვლევები გაგრძელდება, უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო, სახელმწიფოს მოწვევით, მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, - აცხადებს თურნავა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში