გიორგი გახარიას გუნდის 6 დეპუტატი შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს 

20 აპრილი 2021, 12:30 715 ნახვა

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. მისივე თქმით, ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული მუხლების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს არ არის იდეალური შეთანხმება, მაგრამ არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა.

''ფაქტია პოლიტიკოსების, ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა სამწუხაროდ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი არ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების სახიფათო პრეცედენტი.

პოლიტიკოსების ამ უპასუხსმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პროცესებში ჩართულიყვნენ. 

დღეს კრიზისი განმუხტვა მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ჩვენი მოქალაქეები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან როგორიც არის ყოველდღიური შემოსავლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ  შუძლებელია'' - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. მას ჟურნალისტების შეკითხვებისთვის აღარ უპასუხია. 

პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა '‘ქართული ოცნება” გასულ კვირას დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი