ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

27 მარტი 2021, 15:40 865 ნახვა

"ქართულ ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. 

"რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენები, სადაც სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცა.

"აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე 3 ყველაზე აქტუალურ საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცა. ყველაზე აქტუალური საკითხებიდან, პირველი იყო „ნაცმოძრაობის“ ცრუ ნარატივი, რომელიც „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას ეხებოდა. ჩვენი პარტნიორების პასუხი ამაზე იყო, რომ მან კანონი დაარღვია. მეორე ცრუ ნარატივი იყო „გაყალბებული არჩევნები“. ეუთო/ოდირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ, სენატშიც გაისმა ეუთო/ოდირის ანგარიშის ციტირება და საქართველოში, 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოიხსენიეს თავისუფლად და კონკურენტულად. მესამე იყო წლების განმავლობაში, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მედიასაშუალებების მიერ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობაზე, მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული, რომ 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთ დღე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ და ქართულმა სახელმწიფომ გადაუხვია ამ კურსს, ასეთი ფიქრადაც არ გაუვლია არავის. ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიციც, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ პროდასავლური კურსი ეს არის დავალება საქართველოში ყველა ხელისუფლების მიმართ.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია გადმოდგამს კონსტრუქციულ ნაბიჯს შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდეს.

ამ ფონზე ჩვენი მზაობა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, პირველი, უკვე გადადგმული ნაბიჯები. თქვენ ნახეთ, ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგები ბარიერთან დაკავშირებით და მის დაწევაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. ეს არის უკვე გადადგმული ნაბიჯები. გვაქვს მეორე ვარიანტი, ეს არის არაერთი კომპრომისული წინადადება, განსხვავებით ოპოზიციისგან.

ასევე გვაქვს მესამე საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის მოლაპარაკების მაგიდასთან. შესაბამისად ამისა, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგუმლი იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი. ქვეყნის ინტერესია ამ რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, არა ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში