ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი "ამბასადორის" მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის სხდომაზე გაკეთდა. ალეკო ელისაშვილმა პარლამენტარებს საკითხით დაინტერესებისკენ და ბულვარის დამცველებთან შეხვედრისკენ მოუწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი მექრთამედ მოიხსენია.
პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა პარლამენტში ბულვარის დამცველებთან შეხვედრა ჩაინიშნოს, რათა აქციის მონაწილეების პრობლემები მოისმინონ, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. ალეკო ელისაშვილის გამოსვლას განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.
თეა წულუკიანმა ელისაშვილს ფარისეველი უწოდა, მისი სიტყვებისთვის პასუხი მოსთხოვა და იმედი გამოთქვა, თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს და ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. წულუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ ის, რაც ბათუმის ბულვარში შენდება მისთვისაც მიუღებელია.