ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონისა და „ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალ პოლიტიკოსების შეხვედრა დასრულდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, არსებობს პუნქტები, რომლებზეც ორივე მხარეს მოუწევს დათანხმება, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს.
"ზოგიერთ საკითხზე უფრო ფუნდამენტური დისკუსია გვქონდა, სხვებზე ზოგად მონახაზზე შევთანხმდით. მაგრამ ერთი რამ ნათელია და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს. ვერაფერს ახალს ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია თქვენთვის ცნობილია. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს. ეს მოითხოვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გიორგი რურუა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა. როგორ შეიძლება, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, ამისთვის არსებობს სხვადასხვა გზა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა სამადაშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ილაპარაკეს ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩამონათვალში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტში.
"დღეს იყო პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით, რომელსაც ვესწრებოდით მე და ჩემი პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვილაპარაკეთ ყველა იმ საკითხზე, რაც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩამონათვალშია. რა თქმა უნდა, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა იყო. ცოტა დრო არის დარჩენილი 16 მარტამდე, რომელიც დათქვა პრეზიდენტმა მიშელმა, ასეთივე ცოტა დრო აქვს ყველა მხარეს. ძალიან პოზიტიურად განწყობილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, ვინ რას დაუმტკიცებს ერთმანეთს. ამ ქვეყანამ გაიმარჯვოს და კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული არჩევანისკენ", - განაცხადა სამნიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებოდნენ.