საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთს გასვლაზეც მოუგო

10 მარტი 2021, 19:29 1296 ნახვა

საქართველოს ფუსტალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველომ სომხეთში მასპინძლებს მინიმალური სხვაობით 3:2 მოუგო.

მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ფეხბურთელმა მცველებს გვერდი აუარა და სომხების მეკარეს შორეულ ცხრიანში გაუტანა.

საქართველომ უპირატესობა მალევე გაზარდა, როდესაც ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს, შედეგიანი დარტყმა კი მე-9 წუთზე ბინიომ შეასრულა. სომხებმა სხვაობის შემცირება მე-12 წუთზე მოახერხეს. გოლი გარეგინ მაშუმიანის ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში არჩილ სებისკვერაძემ და თალესმა ხარიხას გაარტყეს და სომხები გოლებს გადაურჩნენ. 21 -ე წუთზე სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა დენის ნევედროვმა დაცვაში ქართველების არადამაჯერებელი ქმედებით ისარგებლა და ცარიელ კარში გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა და 2:2 გახდა.

გამარჯვების გოლი კი 23-ე წუთზე ელისანდრომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დაფიქსირდა.

4 ტურის თავზე მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფში ლიდერ რუსეთს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და აქტივში 12 ქულა გააჩნია, საქართველო 7 ქულით მეორეა, მესამე ადგილზე მყოფ საფრანგეთს 2 ქულა აქვს, ხოლო ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილს სომხეთის ნაკრები იკავებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს კიდევ ორი შეხვედრა ელოდება. 9 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 აპრილს კი გასვლაზე რუსეთის ფუტსალის გუნდს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში ჩატარდება.

ევროპირველობაზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი, ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.

ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება. ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი