"გამო, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო" - 1000 მშობლის მარში

08 მარტი 2021, 17:09 2425 ნახვა

"გამოდი, შენი შვილის გამო! ჩემი შვილის გამო! ჩვენი გოგოების გამო, გამოდი!" - ამ ლოზუნგით დღეს მთელ ქვეყანაში „1 000 მშობლის მარში“ იმართება.

მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. ქალთა მოძრაობამ კამპანია ,,ნინის გამო“ სწორედ არასრულწლოვნის გარდაცვალების შემდეგ დაგეგმა.

დღევანდელი აქციით მისი ორგანიზატორები ბოლო დროს გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი შემთხვევები სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგია.

 ბათუმში მშობლები ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.

"მარშის მიზანია გამოასწოროს სისტემური უთანასწორობა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს არ იცავს. ქალების ჩაგვრას სამწუხაროდ სისტემატური სახე აქვს და ეს უნდა დავინახოთ. 8 მარტია დღეს და ამ თემებზეც უნდა ვისაუბროთ, რაც რეალური პრობლემაა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

,,1000 მშობლის მარში'' გაიმართა ქობულეთშიც, ისინი 9 აპრილის სკვერში შეიკრიბენ და საპროტესტო აქცია მსვლელობა გამართეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ღირსეული სიბერის" ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. 

მარშის წევრების მოთხოვნებია:

,,შეცვალეთ!  სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შექმენით! პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახადეთ! ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდეთ! ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს! ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.''

სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ ბათუმის გარდა თბილისში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხეში, ლანჩხუთსა და ხარაგაულში აპროტესტებენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი