შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში 13 წლის გოგონას მიერ ბავშვის გაჩენისა და მომხდართან დაკავშირებით 50 წლის მამაკაცის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის.
"13 წლის და 14 წლის ბავშვის თემა უმძიმესია. ეს თემები ყველას ბრალია, ჩემიც, თქვენიც. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია 13 წლის ბავშვის ამბავს ალბათ ვერც გავიგებდით. ისე გავიდა ეს თვეები საერთოდ არავის არაფერი უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს, ან ნათესავი. ეს საზოგადოების პრობლემაცაა ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შიდა ქართლში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონას 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა რის შემდეგაც ფაქტი გახმაურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
სასჯელი რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.