გადატვირთული სასკოლო ტრანსპორტი - დაირღვა თუ არა რეგულაცია?

04 მარტი 2021, 18:09 4653 ნახვა

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მიკროავტობუსით ბავშვების მგზავრობაა გადაღებული.

კადრში ჩანს, რომ მოსწავლეები გადაჭედილ ტრანსპორტში ადიან. მათ არც პირბადე უკეთიათ და არც სოციალური დისტანციაა დაცული. ფაქტს მშობლების პროტესტი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ისინი სკოლის ადმინისტრაციას და აჭარის განათლების სამინსიტროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და დამატებითი სასკოლო ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩის დასახლების ბავშვებს, 8-წელი ემსახურებოდა მიკროავტობუსი, დღეს კი რეალობა შეიცვალა და ტრანსპორტი მოხსნეს. პანდემიის შემდეგ, კილომეტრების გავლა ბავშვებს ფეხით უხდებათ. ამის თაობაზე  მშობლებმა  განცხადება სკოლის ადმინისტრაციაში შეიტანეს. 

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მიკროავტობუსი ამ ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი. ავტობუსი მხოლოდ 2 კილომეტრის მოშორებით მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება და  მათ პრეროგატივაში არ შედის სკოლის ავტობუსის კონტროლი, თუ რამდენი ბავშვი გადაჰყავს მძღოლს და რა რეგულაციებით.

"ეს კერძო კომპანია "გურია ტრანსს" ხელმძღვანელობას ეხება. სკოლას ადრე, 14 მიკროავტობუსი ემსახურებოდა,  ახლა  კი 12 მიკროავტობუსი, ვფიქრობ გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი იყო"-აცხადებს სკოლის დირექტორი.

რაც შეეხება მძღოლებს, მათ ახსნა-განმარტებითი ბარათი დაწერეს.

სატრანსპორტო კომპანია, შპს "გურია ტრანსის" მენეჯერი განმარტავს რომ: ,,სკოლებში ბავშვებისა და მიმართულებების რაოდენობა იზრდება და მცირდება, ეს ციფრი ცვლადია.  ეს მობილობასა და მიმართულებების რაოდენობას პასუხობს და მისი კრიტერიუმები აქვს ამ ყველაფერს. ტრანსპორტი 2 კილომეტრის იქით მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება, ეს კონკრეტული შემთხვევა მოხდა სკოლიდან დაახლოებით 1 კილომეტრსა და 300 მეტრში. ამ ბავშვებისთვის სახელმწიფო ვერ გამოყოფს სატრასპორტო საშუალებას. კონკრეტული კრიტერიუმიდან გამომდინარე. ჩემი აზრია, რომ იქ სრულიად სხვა შემთხვევა იყო, ამ მიმართულებაზე 4-5 ავტობუსი მოძრაობს და სრულიად შესაძლებელი იყო იქ მათი გადანაწილება. ვეჭვობ ეს აურზაურის მოსაწყობად, გამიზნულად მოხდა. მძღოლმა დაწერა ახსნა-განმარტება. მის მიერ ბავშვების გადაყვანა აბსოლუტურად კეთილი ნება იყო, მას ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა" - აცხადებს გოჩა ჩხიკვაძე.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოსწავლეების ტრანსპორტში ჩასხდომა მოხდა მშობელთა ინიციატივით.

"დადგინდა, რომ აღნიშნული მოსწავლეები, არ არიან ჩართული სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია 2 კმ-ზე ნაკლები მანძილით და მოსწავლეთა ტრანსპორტში ჩასხდომა განხორციელდა მშობელთა ინიციატივით, რა დროსაც დაირღვა დადგენილი რეგულაციები.

შესაბამისად, კომპანიას მიეცა მკაცრი გაფრთხილება, რომ არ დაუშვას მსგავსი ფაქტის განმეორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები" - აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტროში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი