მიმდინარე მოვლენებს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება - სახალხო დამცველი

23 თებერვალი 2021, 10:36 141 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შემაშფოთებლად მიიჩნევს ძალის გამოყენებით ოპოზიციური პარტიის ოფისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას.

სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და დამატებით აცნობებს საზოგადოებას დაკავებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

ლომჯარია ასევე სოციალური ქსელის საშუალებითაც ეხმაურება დღის მოვლენებს და "ფეისბუქზე" წერს, რომ აღნიშნულს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა", - წერს ლომჯარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში