იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ჩააწერია და უთხრა, რომ შეუძლია, კონსულტაციებისთვის მას დაურეკოს.
ასე გამოეხმაურა წულუკიანი პარტია ,,მოქალაქეების'' ლიდერს, რომელმაც პირველ სხდომაზე თავისი ტელეფონის ნომერი თქვა და განაცხადა, რომ ისევ ხალხთან კონტაქტზე იქნება.
"თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც, რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ?... ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ პარლამენტში.
თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ? '' - იკითხა წულუკიანმა სხდომაზე.
წულუკიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამია და წერს, რომ ტელეფონზე უცხო ზარები არ წყდება. ის ასევე სახალხო დამცველს მიმართავს.
''ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში და უსაზღვრო ბოროტებაში.
Nino Lomjaria უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.
p.s ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება'' - დაწერა ნიკა გვარამიამ.