ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ, დღეს, ქადაგებისას მრევლს მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა პანდემიის შესახებ და ასევე, გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს.
''მოგეხსენებათ რა ხდება ჩვენს გარშემო, როგორ მძვინვარებს პანდემია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღე არ გავა ისე რომ ნაცნობი, ახლობელი არ გაიხმოს უფალმა, სასულიერო პირები, მღვდელმთავრები. რამდენიმე ხნის წინ მიწას მიაბარეს სერბეთის პატრიარქი, კორონავირუსით დაავადებული.
თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ წარსულს, დავინახავთ, რომ პანდემიის თუ ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია.
მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება...
რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. მედიცინის კუთხით ჩვენ არავინ არ გვეკითხება ამას. ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში რელიგიის კუთხით არ არსებობსო. ეს მღვდელმთავარი საერო ცხოვრების დროს, ამერიკის კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ მოღვაწეობდა, პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი იყო.
მე ძალიან მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით, ასეც იქნება. მინდა ჩვენს თავდადებულ ექიმებს მადლობა გადავუხადო უდიდესი თავგანწირვისთვის რაც გააკეთეს და მომავალშიც გააკეთებენ. დასაფასებელია მათი მუშაობა და ქედს ვიხრი მათი ღვაწლის წინაშე“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ქრისტიანული სამყარო დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი წირვა მეუფე დიმიტრიმ, სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.