წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

29 დეკემბერი 2020, 13:48 2920 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველ წლიური დაჯილდოება GFF Awards გაიმართა. წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 19 წლის კარაცხელიამ 2020 წელს როგორც ნაკრებში ისევე თავის კლუბში ყაზანის ‘’რუბინში’ შესანიშნავი მატჩები ჩაატარა.

სამეულში მოხვდა ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი ‘’შახტარის’’ მცველი დათა ხოჭოლავა და ‘’ტობოლის’’ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.

2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისა და ''ლანჩხუთის'' თავდამსხმელი ხატია ჭყონია გახდა. 2020 წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა "ლანჩხუთის" თავდამსხმელის ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ "კლუჟს" გაუტანა.

2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი გახდა. 22 წლის მცველმა ავსტრიული ''ვოლსფბერგერის'' შემადგელობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი შეხვედრები ჩაატარა.

წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელად ''ლანჩხუთის'' დამრიგებელი გიორგი ჩხაიძე დაასახელეს. 2020 წლის საუკეთესო მსაჯის წოდება გიორგი კიკაჩეიშვილმა მიიღო.

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე ფუტსალის ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრი სიმი საიოტი გახდა. 2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელად კი ''თსუს'' ფუტსალის გუნდის დამრიგებელი დავით ბობოხიძე დაასახელეს.

GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზვიად დარასელს, დურმიშხან ჩხაიძეს და ვლადიმერ ონიანს სპეციალური ჯილდოები გადასცა. ზვიად დარასელი - 40 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში. არის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1990 წლიდან მუშაობს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სადისციპლინო კომიტეტის წევრია. დურმიშხან ჩხაიძე - წლების მანძილზე გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის პირველი ტალღის ინიცირება. ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი, ლანჩხუთის ‘გურია’ სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია.

ვოვა ონიანი - 1981 წლიდან სამწვრთნელო საქმეშია და ეროვნული ნაკრების არაერთი კანდიდატი ჰყავს აღზრდილი. დღეს ლაგოდეხში ცხოვრობს, სადაც 50 ვაჟ და 20 გოგონა დამწყებ ფეხბურთელს ავარჯიშებს. სპეციალური პრიზი ასევე გადაეცა მიმდინარე წელს მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ - ლევან ხურცილავას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში