საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

04 დეკემბერი 2020, 13:13 958 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს, პოლიციის წარმომადგენლის მიმართ, ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

უწყების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა იგი, 2020 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი