ქარტია გმობს ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას

29 ოქტომბერი 2020, 17:14 212 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ისინი მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას გმობენ, რადგან ეს საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

''დღეს, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ.

მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელეფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში