ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელები აქციას აანონსებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

27 აგვისტო 2020, 15:56 510 ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა საპროტესტო აქცია ისევ გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა ბანკებმა საპროცენტო გადასახადი, ერთი წლით გადაუვადონ. ასევე წლევანდელ სეზონზე შესატანი პროცენტი ჩამოაჭრან. ამბობენ, რომ ისინი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან წლევანდელი სეზონი პანდემიის გამო არ შედგა და ქობულეთში ტურისტების ნაკლებობა იყო. 

საოჯახო სასტუმროების მფლობელები მერიის წინ მდებარე სკვერში, ხელმოწერები შეაგროვეს.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი მოგვიანებით შეხვდა და დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა. მირიან ქათამაძის თქმით, სეზონურ სასესხო დავალიანებებზე გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ასევე პარალელურად დაწყებულია სპეციალური ბაზების შედგენა, რომლის შემდეგაც დაზუსტდება რამდენ მოქალაქეს აქვს მსგავსი პრობლემა.

მერის განცხადებით, ის მზად არის საოჯახო სასტუმროების მფლობელებს აჭარის მთავრობასთან უშუამდგომლოს. '' სანამ არ მოხდება საინფორმაციო ბაზების ბოლომდე შედგენა და პროცესი არ დასრულდება, რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ნაადრევია'' - განუმარტა შეკრებილებს მერმა.

მოქალაქეებმა მერს უთხრეს, რომ საინფორმაციო ბაზებისთვის ხელმოწერილი სიები მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.

''გასულ წელსაც შევაგროვეთ ხელმოწერები, თუმცა არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ესეც მხოლოდ ფორმალობაა'' - უპასუხეს მირიან ქათამაძეს აქციის მონაწილეებმა. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელები, კიდევ ერთ აქციას აანონსებენ, რომელზეც უკვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში